გიორგი ყარყარაშვილი, ამჟამად თადარიგის გენერალ-მაიორი, იყო საქართველოს ეროვნული გვარდიისა და აფხაზეთში ომის დროს დისლოცირებული ჯარების სარდალი, აგრეთვე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი 1993-1994 წლებში.
გიორგი ყარყარაშვილმა 1987 წელს დაამთავრა თბილისის უმაღლესი საარტილერიო სასწავლებელი და მსახურობდა საბჭოთა არმიაში აღმოსავლეთ გერმანიაში, ნახიჩევანსა (აზერბაიჯანი) და საქართველოში. 1991 წლის იანვარში, კაპიტნის წოდებით, დატოვა საბჭოთა არმია და ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩაერთო. მისი ბატალიონი „თეთრი არწივი“ საქართველოს ეროვნულ გვარდიას შეუერთდა.
გიორგი ყარყარაშვილის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპები საბჭოთა კავშირის დაშლის, საქართველოს დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯებისა და ამ მოვლენების თანმდევი სირთულეების წარმოქმნის პერიოდს ემთხვევა. გიორგი ყარყარაშვილი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის წარმოებულ სამხედრო მოქმედებებში, რაც მას 90-იანი წლების სამხედრო და პოლიტიკური ისტორიის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად აქცევს.
1994 წლის სექტემბერში გიორგი ყარყარაშვილი მოსკოვში გაემგზავრა რუსეთის გენერალური შტაბის აკადემიაში სასწავლებლად. 1995 წლის 25 იანვარს აკადემიის საცხოვრებელთან მას და მის ყოფილ მოადგილეს, გენერალ-მაიორ პაატა დათუაშვილს სამი შეიარაღებული პირი დაესხა თავს. დათუაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ყარყარაშვილი კი თავში მძიმე ჭრილობებით გადარჩა, მაგრამ სამუდამოდ დაინვალიდდა. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თავდასხმა უკავშირდებოდა 1991 წლის სახელმწიფო გადატრიალებისა და აფხაზეთის ომის მოწმეების გასანეიტრალებლად განხორციელებულ ქმედებებს.
90-იანი წლების ბოლოს გიორგი ყარყარაშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნდა. 1998-1999 წლებში მუშაობდა სახალხო დამცველის ოფისში. 1999 წელს საქართველოს პარლამენტის წევრად აირჩიეს „ახალი მემარჯვენეების“ სიით. 2003 წელს კვლავ იყარა კენჭი, თუმცა პარლამენტის წევრი ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2004 წელს ჩატარებული რიგგარეშე არჩევნების შედეგად გახდა, როგორც თბილისის ისნის რაიონის მაჟორიტარი. 2005 წლის ნოემბერში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ყარყარაშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვა.
2009 წლის თებერვალში გიორგი ყარყარაშვილი ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ ჯგუფს შეუერთდა, თუმცა არჩევნების შემდეგ სახელმწიფო თანამდებობაზე აღარ დაბრუნებულა.
2009 წელს გამოიცა გიორგი ყარყარაშვილის წიგნი „ეს ჩვენი სამშობლო იწვის“, რომელშიც ავტორმა სამხედრო და პოლიტიკური ანალიზის საფუძველზე საქართველოს ხელისუფლება 2008 წლის ომის არასწორ მართვაში დაადანაშაულა.
2025 წელს გიორგი ყარყარაშვილმა გამოაქვეყნა ვრცელი ავტობიოგრაფიული, მხატვრულ-დოკუმენტური ნაწარმოების ორტომეულის პირველი წიგნი „სამშობლოს ამარა“, რომელიც მოგვითხრობს საბჭოთა კავშირის დაშლაზე, საქართველოს ეროვნულ მოძრაობაზე, სამოქალაქო ომზე, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის კონფლიქტებზე, მათ შორის, 1992 წელს გაგრის დაცემაზე. გიორგი ყარყარაშვილი მკითხველს უნიკალურ რეტროსპექტივასსთავაზობს, როგორც იმდროინდელი სამხედრო-პოლიტიკური პროცესების უშუალო მონაწილე და ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა.
ნაწარმოები გამოირჩევა ემოციური თხრობით, დეტალური ანალიზითა და პირადი გამოცდილების საფუძველზე, ფაქტებზე დაყრდნობით მოყოლილი ამბების სიმძაფრით. ავტორი განიხილავს არა მხოლოდ სამხედრო საკითხებს, არამედ იმ სოციალურ და პოლიტიკურ ფონსაც, რომელიც ამ კონფლიქტების საფუძველი იყო.
მეორე ტომში, რომლის გამოშვებაც 2026 წელს იგეგმება, მიმოხილულია აფხაზეთის ომის შემდგომი პერიოდი და 2000-იანი წლების მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები.